ლექციის დასაწყისში თითოეულ მონაწილეს დაურიგდა ლექციის “ჰენდაუტები” და ექიმი-სტომატოლოგის ფორმალიზებული ბარათი პრაქტიკული რეკომენდაციებით.
ლექცია წაიკითხა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სრულმა პროფესორმა, ექსპერტმა ალერგოლოგიაში _ რუსუდან ქარსელაძემ.
პროფ. რუსუდან ქარსელაძემ ლექციის I ნაწილში დაწვრილებიათ განიხილა ალერგია _ თანამედროვეობის პრობლემა და მომავლის ტენდენციები; ალერგიის განვითარების მექანიზმები, კლინიკური ვარიანტები; ალერგიულ დაავადებათა მკურნალობის (მართვის) ძირითადი პრინციპები და რა იქნება 21-ე საუკუნეში.
ასევე მეტად საინტერესო იყო ლექციის II ნაწილი, რომელიც მოიცავდა ისეთ აქტუალურ საკითხებს როგორიცაა: მედიკამენტური ალერგია; მედიკამენტების გვერდითი მოქმედების კლასიფიკაცია; მედიკამენტური ალერგიის განვითარების ძირითადი მიზეზები; ფსევდოალერგიული რეაქციები; მედიკამენტური ალერგიის დიაგნოსტიკური კრიტერიუმები და პაციენტის დაცვის ეფექტური გზა ამ საშიში გართულების თავიდან ასაცილებლად.
ლექციის დასრულებისას გაიმართა დისკუსია. პასუხი გაეცა მრავალ შეკითხვას და დაისახა დარგობრივი ასოციაციების ურთიერთთანამშრომლობის მომავლის პერსპექტივები.


