თსუ ქართველ მეცნიერებს GRID-ის შესაძლებლობების გამოყენებას სთავაზობს
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქართველ მეცნიერებს GRID-ის საერთაშორისო სისტემაში ჩართვის და მუშაობის შესაძლებლობას აძლევს. თსუ-ში პროექტის - „GRID ინფრასტრუქტურისა და სერვისების განვითარება საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებების დასახმარებლად“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, შოთა რუსთველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლები, მეცნიერები, მკვლევრები, სტუდენტები დაესწრნენ.
მაღალი ენერგიების ფიზიკის, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის, ბიოლოგიის, მეტეოროლოგიის, კლიმატური ცვლილებების, სეისმოლოგიისა და სხვა დარგებში წამყვან საერთაშორისო კვლევით პროექტებში სრულმასშტაბიანი თანამშრომლობისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში განვითარებული GRID სისტემის არსებობას. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი შოთა რუსთველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ე.წ. „ვირტუალური სუპერკომპიუტერის“ მეშვეობით ქართველ მეცნიერებს მასშტაბური სამეცნიერო ამოცანების ერთობლივად გადაჭრის საშუალებას მისცემს.
თსუ რექტორის, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას განცხადებით, „პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი უნივერსიტეტის, არამედ ჩვენი ქვეყნის ყველა მეცნიერისთვის. ამ დიდი ვირტუალური, სრულყოფილი ქსელით შესაძლებელია რთული და დიდი ზომის ამოცანების დასახვა და გამოყენება ტერიტორიული შეზღუდვის გარეშე. ეს არის ახალი სიტყვა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გაფართოებისთვის.“
„თსუ ფიზიკური ქიმიის კათედრის სამეცნიერო ჯგუფი ინტენსიურად იყენებს GRID ინფრასტრუქტურას. ერთი კომპიუტერი ითხოვს დიდ კომპიუტერულ დროს და ოპერატიულად ვერ ახერხებს დიდი მოცულობის დავალების შესრულებას. შეიქმნა ახალი კომპიუტერული სისტემა, რომელიც მეცნიერებს ძალიან გვეხმარება დროში და ხელს გვიწყობს კვლევების ჩატარებაში. საკმაოდ ეფექტური გამოდგა ამ პროექტის გამოყენება,“- აღნიშნა თსუ პროფესორმა ჯუმბერ კერესელიძემ.
GRID არის განაწილებული გამოთვლების ფორმა, რომელიც შეიძლება წარმოვადგინოთ როგორც „ვირტუალური სუპერკომპიუტერი“, რომელიც წარმოდგენილია ქსელით დაკავშირებული კლასტერების სახით (ერთმანეთთან დაკავშირებული კომპიუტერები, რომლებიც მუშაობენ ერთად ამოცანების უზარმაზარი რაოდენობის შესასრულებლად).
თსუ საქართველოს სამეცნიერო–საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია - „გრენა“–სთან თანამშრომლობით ახორციელებს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტს - „GRID ინფრასტრუქტურისა და სერვისების განვითარება საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებების დასახმარებლად“.
წარმოდგენილი პროექტის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს ქართველი მეცნიერებისათვის ახალი კვლევითი გარემოს შექმნა, რომელიც მეცნიერებს უზრუნველყოფს მარტივი და გამჭვირვალე GRID (განაწილებული გამოთვლების ფორმა) ინფრასტრუქტურითა და მომსახურებით.
პროექტის ფარგლებში შექმნილი ინფრასტრუქტურა ქართველ მეცნიერებს აძლევს საშუალებას, რათა მათ ეფექტურად გამოიყენონ შექმნილი შესაძლებლობები დიდი გამოთვლითი რესურსის საჭიროების მქონე სამეცნიერო ამოცანების გადაწყვეტაში.
მაღალი ენერგიების ფიზიკის, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის, ბიოლოგიის, მეტეოროლოგიის, კლიმატური ცვლილებების, სეისმოლოგიისა და სხვა დარგებში წამყვან საერთაშორისო კვლევით პროექტებში სრულმასშტაბიანი თანამშრომლობისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში განვითარებული GRID სისტემის არსებობას. შესაბამისად, პროექტის ფარგლებში განვითარებული განაწილებული გამოთვლების (Distributed Computing GRID) ინფრასტრუქტურა საქართველოს სამეცნიერო პოტენციალის ევროპულ კვლევებში ჩართვის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს იძლევა.
პროექტის ხელშეწყობით, პირველად საქართველოში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე 2014 წელს შეიქმნა GRID სერტიფიკაციის ორგანო (Certification Authority – TSU CA), რომელიც აღიარებულია მსოფლიოს ყველა GRID სისტემის მიერ. TSU CA უზრუნველყოფს რომ, ქართველმა მეცნიერებმა ვირტუალური ორგანიზაციის წევრობის შემთხვევაში შეძლონ GRID-ის სერტიფიკატის მიღება და შესაბამისად სამეცნიერო ამოცანების გაშვება საქართველოს და მსოფლიოს GRID ინფრასტრუქტურაზე.
ინფორმაცია პროექტის შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ მისამართზე: http://grid.grena.ge/ ხოლო ინფორმაცია სერტიფიკაციის ორგანოს შესახებ განთავსებულია ვებგვერდზე: https://grid-ca.tsu.ge/, სადაც დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მოიძიონ ინსტრუქციები GRID სერტიფიკატის მიღების, განახლების და მოხმარების შესახებ.