Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.
ჩანასახის სიცოცხლის უფლება მსოფლიო ქვეყნებსა და საქართველოში

სიცოცხლის უფლების აღიარების და მისი შეზღუდვის საკითხი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და პრობლემატურია თანამედროვე მსოფლიოში. ადამიანის უფლებათა სფეროში მოქმედი საერთაშორისო აქტები აღიარებენ სიცოცხლის უფლებას, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში გაურკვეველია, თუ რა პერიოდიდან არის დაცული სიცოცხლის უფლება – ბავშვის ჩასახვის მომენტიდან თუ დაბადების მომენტიდან. ადამიანის უფლებათა ევროპის კომისიამ თავი შეიკავა აბორტის კონტექსტში სიცოცხლესთან დაკავშირებით რაიმე დეფინიციის გაკეთებისგან. მხოლოდ რამდენიმე აქტი არსებობს, სადაც სიცოცხლის უფლების დასაწყისად პირდაპირ არის აღიარებული ბავშვის ჩასახვის მომენტი. დაბადებამდე ბავშვის უფლების თემას ეხება ბავშვის უფლებათა კონვენცია, რომელსაც საქართველო 1994 წლიდან მიუერთდა. იგი პირდაპირ და ცალსახად აღიარებს ბავშვის სამართლებრივი დაცვის უფლებას მის დაბადებამდე. ამ ნორმის საფუძველზე და კონვენციაში აღნიშნული პრინციპების გათვალისწინებით, მსოფლიო ქვეყნებმა შექმნეს კანონმდებლობა, სადაც გარკვეული პირობების დაცვით, უზრუნველყოფილია ბავშვის სიცოცხლის უფლება მის დაბადებამდე.

მიუხედავად იმისა, რომ ჩანასახის უფლებები ერთ-ერთი აქტუალური საკითხია თანამედროვე მსოფლიოს სამართლებრივ სივრცეში, ამ თემაზე საქართველოში ამ დრომდე არ იყო ჩატარებული შედარებით–სამართლებრივი კვლევა. ცოტა ხნის წინ, თსუ ასოცირებულმა პროფესორმა ვასილ გონაშვილმა და თსუ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტმა ნინო ხიზანიშვილმა მოამზადეს კვლევა „ჩანასახის სიცოცხლის უფლება (შედარებითი ანალიზი)“, რომელიც 2013 წლის 24 მაისს წარდგენილ იქნა ქ. ქუთაისში გამართულ „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაზე“ და დაიბეჭდა შესაბამის კრებულში. ნაშრომი უკვე შეტანილია თსუ-ს ადამიანის უფლებათა საგნის სილაბუსში, ხოლო მომავალში ამ მიმართულებით კვლევის გაგრძელების მიზნით, იგი წარდგენილია რუსთაველის ეროვნულ ფონდში დასაფინანსებლად.

კვლევა დამყარებულია მსოფლიოში მოქმედ ძირითად საერთაშორისო აქტებზე, სასამართლო პრეცედენტებზე, 190 ქვეყნის კანონმდებლობასა და საქართველოს შესაბამის ნორმატიულ აქტებზე. კვლევის თანახმად, ზოგიერთი ქვეყნის კანონმდებლობა საერთოდ კრძალავს ნაყოფის სიცოცხლის უფლებაში ჩარევას და, შესაბამისად, აკრძალულია აბორტის ნებისმიერი ფორმა. ასეთი მსოფლიოში სულ 6 ქვეყანაა: მალტა, ვატიკანი, დომინიკის რესპუბლიკა, ელ–სალვადორი, ნიკარაგუა და ჩილე. ქვეყნების უმეტესი ნაწილი კი, გარკვეულ შემთხვევებში, ითვალისწინებს აბორტის გაკეთების შესაძლებლობას.

ნაყოფის სიცოცხლის უფლებაში ჩარევის სამართლებრივი საფუძვლები (ჩვენებები) ძირითადად რამდენიმე ჯგუფად შეიძლება დაიყოს: სამედიცინო, სოციალური, ეთიკური და ევგენური (სქემა 1).

სამედიცინო ჩვენებაში მოიაზრება მდგომარეობა, როდესაც აუცილებელია დაუბადებელი ბავშვის სიცოცხლის მოსპობა – ორსულობის შეწყვეტა ქალის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის სერიოზული საფრთხის არსებობისას. მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში სწორედ აღნიშნული საფუძველი გვხვდება. თავის მხრივ, ჯანმრთელობის საფრთხეში იგულისხმება შესაძლო ზიანის მიყენება დედის ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობისათვის, მაგალითად, ავსტრია, ბელგია, ფინეთი, გერმანია და სხვ.

აღსანიშნავია, რომ სიცოცხლის საფრთხის არსებობა, როგორც სამედიცინო ჩვენება, იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნების დიდი ნაწილი (46 ქვეყანა) ჩვენებების მხოლოდ ამ ფორმას ითვალისწინებს და არ არის ნებადართული დედის ინიციატივით ან სხვა საფუძვლებით აბორტის გაკეთება. ასეთი ქვეყნები ძირითადად ამერიკისა და აფრიკის კონტინენტებზე გვხვდება.

ქვეყნების ნაწილში (15 ქვეყანა) აბორტის გაკეთების საფუძვლებად არა მხოლოდ სიცოცხლის, არამედ ერთობლივად ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ჩვენებები გვხვდება, სხვა ჩვენებების გათვალისწინების გარეშე.

სოციალური ჩვენების დროს სახეზეა სოციალურ-ეკონომიკური გარემოებები ანუ ოჯახის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, როდესაც შეუძლებელია ბავშვის ცხოვრებისა და აღზრდისათვის აუცილებელი მინიმალური პირობების შექმნა. მაგ. ისლანდია, ისრაელი, იტალია, იაპონია და სხვ. აქვე აღსანიშნავია, რომ სოციალური ჩვენებები დამოუკიდებლად არც ერთ ქვეყანაში არ გვხვდება და ისინი სხვა ჩვენებებთან ერთად გამოიყენება.

ეთიკური ჩვენება ნიშნავს მდგომარეობას, როდესაც ბავშვი ჩასახულია საზოგადოების ზოგადი ზნეობრივი შეხედულებების საწინააღმდეგო ფორმით, მაგალითად, დანაშაულებრივი ჩარევის (გაუპატიურების) შედეგად (ფინეთი, ბრაზილია, იაპონია) ან ინცესტის გზით (რუმინეთი, პოლონეთი, ისლანდია, ეთიოპია, ახალი ზელანდია, ბოლივია). მხოლოდ ეთიკური ჩვენების გამო აბორტის გაკეთების შესაძლებლობა გვხვდება 4 ქვეყანაში (ბრაზილია, სუდანი, მალი, ბუტანი). სხვა ქვეყნებში იგი სხვა საფუძვლებთან ერთად გამოიყენება.

ევგენური ჩვენება კი გულისხმობს მდგომარეობას, როდესაც არსებობს საშიშროება, რომ დაიბადოს არაჯანმრთელი, ფიზიკური ნაკლის მქონე ბავშვი. მაგალითად, ფინეთი, დიდი ბრიტანეთი, ავსტრია, ჩეხეთი, საფრანგეთი, იტალია. აღნიშნული ჩვენება მარტო არ გვხვდება და ძირითადად გამოიყენება სამედიცინო ჩვენებასთან ერთად.

ზოგიერთი ქვეყნის კანონმდებლობა ითვალისწინებს დაუბადებელი ბავშვის სიცოცხლის მოსპობის შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, როდესაც ბავშვი ჩასახულია არასრულწლოვანი ან გარკვეულ ასაკს მიღწეული ქალის ორგანიზმში. აღნიშნული შემთხვევა თავისთავად გულისხმობს სამედიცინო და ეთიკური ჩვენებების ერთობლივ არსებობას და გვხვდება მაგალითად, ისრაელში, სადაც 17 წლამდე და 40 წლის ზემოთ ასაკის ქალებთან დაკავშირებით გამოიყენება; ასევე ესტონეთში – 15-მდე და 45 წლის ზემოთ ასაკის ქალებისთვის, ხოლო რუმინეთში მისი მხოლოდ ზედა ასაკობრივი ზღვარია დადგენილი (45 წლის ზემოთ).

დედის სურვილით ნაყოფის სიცოცხლის მოსპობის პერიოდულობის მიხედვით მსოფლიო ქვეყნების კლასიფიკაცია ასეთია:

1. როდესაც აბორტის გაკეთება აკრძალულია ჩანასახის განვთარების ნებისმიერ სტადიაზე, მიუხედავად დედის სურვილისა (ზემოაღნიშნული 6 ქვეყანა);

2. როდესაც აბორტის გაკეთება აკრძალულია დედის სურვილით ჩანასახის განვითარების ნებისმიერ სტადიაზე, გარდა გარკვეული ჩვენებების არსებობისა. ამ შემთხვევაში აბორტი უკანონოდ ჩაითვლება ნებისმიერ დროს, თუ არ არსებობს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძველი.

3. როდესაც აბორტი კანონიერად ითვლება დედის სურვილის შემთხვევაში ბავშვის განვითარების თავდაპირველ სტადიაზე, ხოლო შემდგომ პერიოდში ბავშვის სიცოცხლის შეწყვეტა შეიძლება მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი გარკვეული ჩვენებების არსებობისას. ეს მოდელი ძირითადად ევროპის კონტინენტზე და დსთ–შია გავრცელებული.

როგორც კვლევაშია აღნიშნულია, დედის სურვილით ბავშვის განვითარების შემდეგ სტადიაზეა ნებადართული აბორტის გაკეთება: მაგალითად, პორტუგალიასა და თურქეთში დედის სურვილით აბორტის გაკეთება სხვა ჩვენებების არსებობის გარეშე ნებადართულია ნაყოფის განვითარების პირველი 10 კვირის განმავლობაში, ესტონეთში – 11 კვირის, ავსტრიაში, დანიაში, ჩეხეთში, ინდოეთსა და ნორვეგიაში – 12 კვირის, იტალიაში – 13 კვირის, ესპანეთში, საფრანგეთში, რუმინეთში, ბელგიაში, გერმანიაში – 14 კვირის, შვედეთსა და შვეიცარიაში – 18 კვირის, ხოლო იაპონიასა და დიდ ბრიტანეთში – 24 კვირის განმავლობაში.

4. როდესაც აბორტი კანონიერად ითვლება დედის სურვილის შემთხვევაში ბავშვის განვითარების ნებისმიერ სტადიაზე და, შესაბამისად, მისი სიცოცხლის მოსასპობად არც რაიმე სახის ჩვენების არსებობაა დადგენილი, მაგალითად, აშშ–ში, კანადასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში (სქემა 2).

ავტორებს მომზადებული აქვთ აბორტის ჩვენებების ანალიზი მსოფლიოს კონტინენტების მიხედვით. შესაბამისი საერთაშორისო კონვენციებიდან გამომდინარე, ამერიკისა და აფრიკის კონტინენტებზე აბორტი ძირითადად აკრძალულია დედის სურვილის შემთხვევაში და, პირიქით, ნებადართულია ქალის სიცოცხლისათვის საფრთხის არსებობისას. ევროპაში ჩვენებების შედარებით თავისუფალი რეჟიმი მოქმედებს და აბორტი უფრო მეტად არის ლეგალიზებული. დასავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნების უმეტესობაში იგი ნებადართულია ნებისმიერ დროს. ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში იგი შეზღუდულია ვადებით, თუმცა აბორტის გაკეთების საფუძვლები თითქმის ყველგან მოქმედებს. სპეციფიკურ სურათს ვხვდებით დსთ–ს ქვეყნებში. აქ აბორტის გაკეთება დედის სურვილით შესაძლებელია მხოლოდ 1–ლ ტრისემესტრში, ხოლო მე–2 ტრისემესტრში იგი ნებადართულია შესაბამისი ჩვენებების არსებობისას.

 

 

საქართველოს კანონმდებლობა ჩანასახის უფლების შესახებ

საქართველოს კანონმდებლობის კვლევის შედეგად, ორსულობის ნებაყოფლობითი შეწყვეტა, მისი განხორციელების პერიოდულობის თვალსაზრისით, იყოფა 2 სახედ: ორსულობის ნებაყოფილობითი შეწყვეტა, როდესაც ნაყოფის ასაკი არ აღემატება 12 კვირას და როდესაც ნაყოფის ასაკი 12-დან 22 კვირამდეა. 22 კვირის შემდგომ აბორტის გაკეთების შესაძლებლობას საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

12 კვირამდე ჩანასახის არსებობისას ორსულობის ნაბაყოფილობითი შეწყვეტა უნდა მოხდეს ორსულის ინიციატივით, მხოლოდ სათანადო უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულებაში, სერტიფიცირებული ექიმის მიერ. 12-დან 22 კვირამდე ნაყოფის სიცოცხლის მოსპობის პროცედურა უფრო გართულებულია და ასევე აუცილებელია გარკვეული ჩვენებების (საფუძვლების) არსებობა. ორსულის განცხადების შემთხვევაში, ორსულობის შეწყვეტის სამედიცინო ჩვენებები დადგენილი უნდა იქნეს კომისიური წესით.

საქართველოს კანონმდებლობაში არ არის საუბარი ევგენური ჩვენებების (ნაყოფის დეფექტის) არსებობისას ნაყოფის სიცოცხლის მოსპობის შესაძლებლობაზე. ამდენად, ევგენური ჩვენებები საქართველოში არ არის აღიარებული. ამ შემთხვევაში გაურკვეველია, თუ როგორ უნდა გადაწყდეს საკითხი, როდესაც 12-დან 22 კვირამდე ბავშვს აღმოაჩნდება ჯანმრთელობის სერიოზული დეფექტი. ამიტომ, კვლევის ავტორებს მართებულად მიაჩნიათ, რომ კომისიას ჰქონდეს უფლება, დედის განცხადების საფუძველზე შეისწავლოს ასევე ევგენური ჩვენებების არსებობა, რაც გახდება აბორტის გაკეთების საფუძველი 12–დან 22 კვირის ნაყოფის ჯანმრთელობის დეფექტის არსებობისას.

საქართველოში ნაყოფის სიცოცხლის მოსპობისათვის ამჟამად სოციალური ჩვენებები არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს კანონმდებლობაში მოცემული იყო ისეთი ჩვენებებიც, რომლებიც არ ჯდებოდა ჩვენებების არც ერთ ჯგუფში, მაგალითად: ქმრის გარდაცვალება ცოლის ორსულობის დროს; ქალის ან მისი ქმრის ყოფნა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში; განქორწინება ორსულობის დროს; ოჯახში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვის არსებობა; დაუქორწინებელი ქალის ფეხმძიმობა.

არასამედიცინო ჩვენებებს საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ასევე მიეკუთვნებოდა ე.წ ეთიკური ჩვენებები: ორსულობა გაუპატიურების შედეგად და სასამართლო გადაწყვეტილების არსებობა მშობელთა უფლებების შეწყვეტის ან შეზღუდვის შესახებ. 2007 წლიდან ზემოაღნიშნული ჩვენებებიდან დარჩა მხოლოდ ორსულობა გაუპატიურების შედეგად, თუ ის აღიარებულია სასამართლოს მიერ.

საქართველოს კანონმდებლობა ასევე ითვალისწინებს ორსულობის შეწყვეტის ისეთ ჩვენებებსაც, რომლებიც დაკავშირებულია ორსული ქალის ასაკთან. კერძოდ, თუ ქალის ასაკი არ აღემატება 15 წელს ან პირიქით, გადაცილებულია 45 წელს, მას უფლება აქვს, ამ მოტივით მიმართოს ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტას.

ამრიგად, მართალია საქართველოს კანონმდებლობა გარკვეულწილად შეესაბამება ძირითად ევროპულ სტანდარტებს, მაგრამ ასევე საჭიროებს ცვლილებებს. კერძოდ, 12 კვირის ბავშვი უკვე ისეა განვითარებული, რომ შესაძლებელია მისი სქესის დადგენა, რაც გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლოა, ბოროტად იყოს გამოყენებული, თუ მშობლებისათვის მიუღებელია ბავშვის სქესი. ამიტომ, ავტორებს მართებულად მიაჩნიათ, 12-კვირიანი პერიოდის დაწევა იქამდე, სანამ ბავშვი განვითარების აღნიშნულ სტადიას მიაღწევს. ამასთან, ჩანასახს 8 კვირამდე ეწოდება ემბრიონი, ხოლო შემდგომ დაბადებამდე –  ფეტუსი. ამიტომ, დედას თავისი სურვილით აბორტის გაკეთების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს ჩანასახის 8 კვირამდე პერიოდში. მსოფლიოს 200–მდე ქვეყნის ანალიზის საფუძველზე, ქვეყნების 69%–ში დედის სურვილით აბორტის გაკეთება აკრძალულია, 15%–ში – ნებადართულია პირველ ტრისემესტრში, ხოლო 16%–ში – ნებისმიერ დროს. ამდენად, წინადადება სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.

ავტორთა მოსაზრებით, 8-დან 22 კვირამდე ნაყოფის აბორტი შესაძლებელი უნდა იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: ა) საფრთხე ემუქრება დედის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას; ბ) ბავშვს აქვს სერიოზული თანდაყოლილი ნაკლი; გ) ბავშვი ჩაისახა გაუპატიურების ან ინცესტის (სისხლის აღრევის) შედეგად.