ჟურნალი ნომერი: 6
2011-2013 წლებში რუმინეთისა და საქართველოს ტერიტორიებზე, შავი ზღვის დაბინძურების პრობლემატიკის შესასწავლად, გერმანიის ფედერაციის, საბერძნეთისა და საქართველოს წამყვანი მეცნიერების თანამონაწილეობით განხორციელდა, ერთობლივი კვლევები. კვლევებში აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას თსუ მეცნიერები.
გრაკლიან გორაზე, რომელიც სოფ. იგოეთის, სამთავისისა არეალში მდებარეობს, თსუ მეცნიერები უკვე წლების განმავლობაში მუშაობენ. გორაზე აღმოჩენილი 10 კულტურული ფენა ქვის ხანიდან რომაულ ხანამდე პერიოდს მოიცავს. ამ ნამოსახლარ-სამაროვანზე (თსუ-ს არქეოლოგების მიერ უკვე გათხრილია 300 მეტი სამარხი) მიკვლეულია როგორც ადგილობრივი წარმოების ინვენტარი (თიხის, ბრინჯაოს, ვერცხლის, ოქროს), ისე ძველი სამყაროს სრულიად განსხვავებული ცივლიზაციის ცენტრებში დამზადებული ნივთები.
გერმანული თემი საქართველოში დიდი არ არის. დღეს საკმაოდ ცოტა ადამიანის შთამომავალია შემორჩენილი მათგან, ვინც ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში გერმანიიდან საქართველოში გადმოსახლდა ან მეორე მსოფლიო ომის დროს ქვეყანაში აღმოჩნდა. სამწუხაროდ, არც ბევრი ნაშრომია იმის შესახებ, თუ რა წვლილი შეიტანეს ამ ადამიანებმა საქართველოს სახელმწიფოს განვითარებაში. სწორედ ამიტომ პროექტი, რომელის ერთ-ერთი მიზანი გერმანელების საქართველოში ყოფნის სოციალური მახსოვრობის გაანალიზება იყო, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ისტორიული მეცნიერებისთვის, არამედ სტერეოტიპების საფუძვლების ანალიზისთვისაც. მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ პროექტი მულტიეთნიკურმა სამეცნიერო ჯგუფმა განახორციელა.
რა ადგილი ეკავა და რა როლს თამაშობდა ათონის მთაზე (საბერძნეთში) მდებარე ქართული – ივერონის მონასტერი კონსტანტინეპოლის დაცემის შემდეგ? ამ კითხვაზე პასუხის გაცემის მცდელობაა თსუ მეცნიერის კვლევა „ივერონის მონასტერი ოსმალეთის იმპერიის დროს“. კვლევა 2013 წელს დაიწყო, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის თურქული ენისა და ლიტერატურის მიმართულების ასისტენტ-პროფესორის თამარ ალფენიძის მიერ. კვლევის ავტორი, ერთი სემესტრის განმავლობაში, თურქეთის რესპუბლიკაში სტამბოლში, ქოჩის უნივერსიტეტთან არსებულ ანატოლიური ცივილიზაციების კვლევით ცენტრში მუშაობდა – აქ ამუშავებდა ათონის მთაზე არსებული ქართული მონასტრის – ივერონის მონასტრის შესახებ სტამბოლის არქივებში დაცულ ოსმალურ წყაროებს.