ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
ქართული პალიმფსესტური ხელნაწერები
პალიმფსესტი ეტრატის ისეთი ფურცელია, რომელიც გადაფხეკის ან გადარეცხვის შემდეგ ხელახლა გამოიყენებოდა საწერ მასალად. პალიმფსესტებზე, ზედა ტექსტის გარდა, ქვედა ფენის წაკითხვაც ხერხდება და ბიბლიური ტექტების შესახებ უფრო ძველი ცნობების მოპოვება ხდება შესაძლებელი. ქართული პალიმფსესტები საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მრავალი ქვეყნის მუზეუმებსა და რამდენიმე ევროპული უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაშია დაცული.
გერმანულ-ფრანგულ-ქართული სამწლიანი სამეცნიერო პროექტი "ქართული პალიმფსესტური ხელნაწერები" 2009 წელს დააფინანსა "ფოლკსვაგენის" ფონდმა (Volkswagenstiftung). სამეცნიერო პროექტს ხელმძღვანელობენ მაინის ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტის პროფესორები: იოსტ გიპერტი და მანანა თანდაშვილი. ქართული მხრიდან პროექტის თანახელმძღვანელები არიან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი დარეჯან თვალთვაძე და ს. ჯანაშიას სახელობის ეროვნული მუზეუმის დირექტორი პროფ. დავით ლორთქიფანიძე, ხოლო ფრანგული მხრიდან – პროფ. ბერნარ უტიე. აღსანიშნავია, რომ პროექტის უცხოელი ხელმძღვანელები, პროფ. იოსტ გიპერტი და პროფ. ბერნარ უტიე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორები არიან. პროექტში ჩართულნი არიან ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია "ორიონის" თანამშრომლები: ფილოლოგიის დოქტორები – მანანა მაჩხანელი და ელგუჯა გიუნაშვილი, დოქტორანტები – სოფიო სარჯველაძე და ეკა კვირკველია, მაგისტრანტი – ციცინო გულედანი, აგრეთვე, ს. ჯანაშიას სახელობის ეროვნული მუზეუმის თანამშრომლები: გიორგი ფარცხალაძე და დარეჯან გოგაშვილი.
პროექტის მიზანია საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ დაცული ქართული პალიმფსესტების დიგიტალიზაცია (ციფრულ ფორმატში გადაყვანა), დამუშავება თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებებით, კერძოდ, MUSIS-ის მულტისპექტრალური აპარატით, რომელიც პალიმფსესტის ქვედა ფენას ულტრაიისფერი სხივების მეშვეობით ამკვეთრებს, რაც აიოლებს პალიმფსესტის ქვედა ფენის ამოკითხვასა და იდენტიფიკაციას.
პროექტ "ქართული პალიმფსესტური ხელნაწერების" იდეა გაჩნდა მას შემდეგ, რაც 2004-2007 წლებში ქართველ და ევროპელ მეცნიერთა ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად წარმატებით განხორციელდა საერთაშორისო ქართულ–გერმანულ–ფრანგული სამეცნიერო პროექტი "კავკასიური წარმოშობის პალიმფსესტები". მასში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მკვლევართა ჯგუფთან ერთად, რომელსაც პროფესორი ზაზა ალექსიძე ხელმძღვანელობდა, მონაწილეობდა თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მკვლევართა ჯგუფიც. 2007 წელს გამომცემლობამ “BREPOLS” ცნობილ სერიაში “MONUMENTA PALEOGRAPHICA MEDII AEVI” დაბეჭდა ამ პროეტის განხორციელების შედეგად მიღებული შედეგების ამსახველი მასალა – ვენის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში დაცულ ქართულ პალიმფსეტურ ხელნაწერში (Vienna N2) დაცული ტექსტები (The old Georgian Palimpsest, Codex Vindobonesis Georgicus 2, Edited by Jost Gippert) და სინას მთაზე აღმოჩენილი პალიმფსესტების ალბანური და სომხური ტექსტები (The Caucasian Albanian Palipsesats of Mount Sinai, Editied by Jost Gippert, Wolfgang Schulze, Zaza Aleksidze, Jean-Pierre Mane).
პროექტი "ქართული პალიმფსესტური ხელნაწერები" აღნიშნული პროექტის გაგრძელებაა, რომლის ფარგლებში ქართველ და ევროპელ მკვლევართა მიერ მულტისპექტრულად დამუშავდა საქართვლოს და მის ფარგლებს გარეთ დაცული რამდენიმე ქართული პალიმფსესტური ხელნაწერი. მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია 2010 წლის აგვისტო–სექტემბერში სვანეთში მოწყობილი სამეცნიერო მივლინების დროს მოპოვებული მასალა. სვანეთის სოფლებში - ლახამულაში, ქურაშში, ლახუშტსა და ეწერში, "ფოლკსვაგენის ფონდის" მიერ შეძენილი ტექნიკური საშუალებების გამოყენებით გადაღებულ იქნა იქ დაცული მანუსკრიპტები. დამუშავდა სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცული რამდენიმე პალიმფსესტური ხელნაწერიც, რომელთა ქვედა ფენა ძველი ქართული საგალობლების კრებულის, კერძოდ, ნევმირებული ძილისპირების უძველესი ვერსიების ფრაგმენტები აღმოჩნდა.
ამ დროისათვის განხორციელებული კვლევის შედეგები ასახულია დარეჯან თვალთვაძისა და სოფიო სარჯველაძის სტატიაში: "სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში დაცული ტვიბერის ხელნაწერი", რომელიც 2011 წელს დაიბეჭდა პროფესორ იოსტ გიპერტის იუბილესადმი მიძღვნილ მაინის ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტისა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივ კრებულში "FOLIA CAUCASICA”. ჟურნალში „Le Museon“ იბეჭდება ქურაშის ოთხთავის ტექსტი (ეს იქნება ამ ტექსტის პირველი პუბლიკაცია) და სტატია ამ პალიმფსესტური ხელნაწერის ქვედა ფენის რაობის შესახებ.
პროექტი "ქართული პალიმფსესტური ხელნაწერები" 2013 წელს დასრულდება. მისი საბოლოო შედეგები დაიბეჭდება “MONUMENTA PALEOGRAPHICA MEDII AEVI”-ის მორიგ ტომში და ცნობილი გახდება მეცნიერთა ფართო წრისათვის. იგეგმება სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში დაცული პალიმფსესტური ხელნაწერის (M 5) და ვენის ნაციონალური ბიბლიოთეკის N2 ხელნაწერის ნუსხური ანბანით დაწერილი ნაწილის და პარიზის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში დაცული N5 ხელნაწერის, ასევე, პროექტის ფარგლებში დამუშავებული სხვა პალიმფსესტური ფრაგმენტების გამოქვეყნებაც.