მედიცინის ფაკულტეტი
ანდროგენდეფიციტი და ინსულინრეზისტენტობა სიმსუქნით დაავადებულ მამაკაცებში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტეტის ენდოკრინოლოგი-ის დეპარტამეტის ბაზას საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ენდოკრინული პროფილის კლინიკა „ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტი“ წარმოადგენს. ენდოკრინოლოგთა დიდი გუნდის გარდა, ინსტიტუტში ასევე მოღვაწეობენ: ქირურგები, გინეკოლოგები, კარდიოლოგები, ოფთალმოლოგები, ნევროპათოლოგები, ანდროლოგები და ა.შ. ინსტიტუტი შედგება ამბულატორიული, სტაციონარული და ქირურგიული ნაწილებისაგან. თსუ-ს ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის ფარგლებში, თუ დონორი ორგანიზაციების დახმარებით, ინტიტუტის ბაზაზე მრავალი სამეცნიერო თუ კლინიკური კვლევა ტარდება. ამ დროისთვის ინსტიტუტში 20-მდე სამეცნიერო კვლევა მიმდინარეობს.
ინსტიტუტის ბაზაზე ცოტა ხნის წინ დასრულებულ კვლევებს შორისაა შოთა ჯანჯღავას კვლევა: „ანდროგენდეფიციტი და ინსულინრეზისტენტობა სიმსუქნით დაავადებულ მამაკაცებში“. იგი 2010 წელს დაიწყო და 3 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. როგორც მისი ავტორი აცხადებს, შრომის მიზანი იყო: მამაკაცებში კორელაციური (თანაფარდობითი) თავისებურების შესწავლა ტესტოსტერონს, ინსულინრეზიზტენტობასა და სიმსუქნეს შორს, ასევე ტესტოსტერონის კორელაციური კავშირების დადგენა კარდიო-მეტაბოლურ რისკ-ფაქტორებთან. ამის შემდეგ კი ტესტოსტერონით ჩანაცვლებითი თერაპიის გავლენის შესწავლა ინსულინრეზისტენტობაზე, სიმსუქნეზე და სპეციფიურ კარდიო-მეტაბოლურ რისკ-ფაქტორებზე.
„ჩვენი კვლევის თანახმად დადგინდა, რომ ტესტოსტერონის დონე სისხლში უარყოფითად კორელირებდა (უარყოფით კავშირში იყო) მეტაბოლურ სინდრომთან (ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, რომელიც შემდგომში ზრდის შაქრიანი დიაბეტის, ათეროსკლეროზის, ინსულტის, ინფარქტის, ონკოლოგიური დაავადებების რისკს) და ასევე მის ცალკეულ კომპონენტებთან. როდესაც ანალიზში ჩავრთეთ მხოლოდ ინსულინის მიმართ მგრძნობელობის განსაზღვრის ინდექსი, მაშინ კორელაციური კავშირი მეტაბოლურ სინდრომთან გაქრა, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ტესტოსტერონსა და მეტაბოლურ სინდრომებს შორის კორელაცია არამარტო ინსულინრეზისტენტობითაა განპირობებული. პაციენტების 85%-ს აღენიშნებოდა ცხიმოვანი ქსოვილის გადანაწილება ანდროიდული ტიპით (მამაკაცური ტიპი), რაც გულისხმობს ცხიმის უპირატესად მუცლის არეში ჩალაგებას. აბდომინალური სიმსუქნე კი (მუცლის მიდამოში არსებული მობილიზებული ცხიმოვანი მასა), რომელიც აღენიშნებოდათ დანარჩენ პაციენტებს, რომელიც უფრო მეტად ასოცირდება კარდიო-მეტაბოლურ დარღვევების გაზრდილ რისკთან“. – აცხადებს კვლევის ავტორი, „ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის“ ექიმი ენდოკრინოლოგ-ანდროლოგი, თსუ დოქტორანტი შოთა ჯანჯღავა.
ამ კვლევაში ანდროიდული სიმსუქნე უფრო მჭიდრო კორელაციაში იყო ტესტოსტერონის დონესთან. კვლევის შედეგად ჩამოყალიბდა შემდგი კონცეფციები: ტესტოსტერონის დონე დადებითად კორელირებს (თანაფარდობაშია) სხეულის მასის ინდექსთან (ადამიანის ოპტიმალური მასა მისი ფიზიკური მაჩვენებლების გათვალისწინებით, წონა, სიმაღლე და ა.შ.) სისხლის პლაზმაში არსებული ტესტოსტერონის დონე უარყოფით კორელაციაში (თანაფარდობაში) იყო ინსულინრეზისტენტობის ინდექსთან (ინდექსთან, რომელიც აჩვენებს მგრძნობელობას ინსულინის მიმართ).
როგორც მეცნიერები განმარტავენ, ტესტოსტერონის დაბალი დონე ასოცირებულია დისლიპიდემიურ ცვლილებებთან (ცხიმოვანი ცვლის დარღვევებთან ანუ მაღალ ქოლესტერინთან, სისხლში მოცირკულირე სხვა მავნე ცხიმებთან) და ტესტოსტერონის დონე უარყოფითად კორელირებს ლეპტინის დონესთან. ლეპტინი სიმსუქნის ჰორმონია, რომელიც სინთეზირდება ცხიმოვან ქსოვილში, რომლის დონე უარყოფით კორელაციაში იყო ტესტოსტერონის ანუ მამაკაცის სასქესო ჰორმონთან. ტესტოსტერონის დაბალი დონე მამაკაცებში შესაძლოა იყოს მეტაბოლური სინდრომის განვითარების წინასწარი მაჩვენებელი.
ტესტოსტერონით ჩანაცვლებითი თერაპია აუმჯობესებს სხეულის მასის ინდექს, მგრძნობელობას ინსულინის მიმართ და ასევე აწესრიგებს ცხიმოვანი ცვლის დარღვევებს.
ცხრ.1. სხეულის მასის ინდექსის და თავისუფალი ტესტოსტერონის თანაფარდობა
სხეულის მასის ინდექსის და თავისუფალი ტესტოსტერონის თანაფარდობა (თანაფარდობის კოეფიციენტი იყო r -0.10).
„ორგანიზმში ტესტოსტერონის კონცენტარციის განსაზღვრა ჭარბი წონისა და სიმსუქნის მქონე მამაკაც პაციენტებში, შესაძლოა, დაგვეხმაროს მეტაბოლური სინდრომის ადრეულ დიაგნოსტიკასა და დროულ პროფილაქტიკურ ღონისძიებებში, რაც ხელს შეუწყობს სიმსუქნესა და მეტაბოლურ სინდრომთან დაკავშირებულ გართულებების შემცირებას. კვლევის შედეგად შემუშავებული კონცეფციით: ჰიპოგონადიზმი (მდგომარეობა, როდესაც მამაკაცის სასქესო ჰორმონების დონე დაქვეითებულია ან არ ხდება სპერმის ნორმალური სინთეზი) და ერექციული დისფუნქცია სიმსუქნის მქონე მამაკაცებში დაკავშირებულია კარდიომეტაბოლური დაავადების გაზრდილ რისკთან საქართველოს მოსახლეობაში. აღნიშნული კვლევის შედეგებმა ხელი შეუწყო ახალი ინფორმაციის მიღებას დღეისათვის არსებული მდგომარეობის შესახებ და, ასევე, მომავალში წაახალისებს, უფრო ღრმა და პრაქტიკული მნიშვნელობის მქონე კვლევების დაწყებას“. – განმარტავს კვლევის ხელმძღვანელი, ექიმი ენდოკრინოლოგი, „ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტი“-ს ხელმძღვანელი, თსუ მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ელენე გიორგაძე.
მკვლევართა აზრით, კვლევის ფარგლებში გამოვლინდა ქართული მოსახლეობისთვის დამახასიათებელი კარდიომეტაბოლური მახასიათებლები და ტესტოსტერონის ურთიერთკორელაციური კავშირი აღნიშნულ მახასიათებლებთან და მათი თავისებურებები. კვლევაში არსებული მასალა და მიღებული შედეგები დაეხმარება პარაქტიკოს ექიმებს მუშაობაში, კერძოდ: სიმსუქნით დაავდებული მამაკაცების მართვაში. კვლევამ თვალნათლივ დაადასტურა სიმსუქნის დროს არსებული მეტაბოლური ცვლილებები ორგანიზმში, მათ შორის მამაკაცებში არსებული ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, როგორიცაა ანდროგენების დეფიციტი. კვლევის შედეგების გათვალისწინებით, შემუშავდა შემდეგი რეკომენდაციები: მამაკაცებს, რომლებსაც აღენიშნებათ სიმსუქნე, რეკომენდებულია სკრინინგული ტესტის სახით ჩაუტარდეთ ანდროგენული სტატუსის – მამაკაცის სასქესო ჰორმონის დონის განსაზღვრა სისხლში. იმ პაციენტებისთვის, ვისაც აღენიშნება ანდროგენდეფიციტი, რეკომენდებულია წონასთან ერთად ანდროგენული ბალანსის კორექცია.
როგორც კვლევის ავტორი შოთა ჯანჯღავა მიიჩნევს: „კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, მამაკაცის სასქესო ჰორმონების მოწესრიგებისათვის ასაკოვან პაციენტებში რეკომენდებულია ჩატარდეს ტესტოსტერონით ჩანაცვლებითი თერაპია, წინამდებარე ჯირკვლის ანუ პროსტატის მდგომარეობის გათვალისწინებით. ახალგაზრდა მამაკაცებში, ანდროგენული ბალანსის მოწესრიგების მიზნით, რეკომენდირებულია ფერმენტ არომატაზას ინფიბიტორის გამოყენება, ჰიპერსეტოგენიზმის დროს. სიმსუქნის მქონე მამაკაცებში მაღალია ფერმენტი – არომატაზა, რომელიც აძლიერებს მამაკაცის ჰორმონის ტესტოსტერონის გარდაქმნას ქალის ჰორმონ ესტროგენად, ამიტომ სიმსუქნის მქონე მამაკაცებში, რეკომენდებულია, სასქესო ჰორმონის მოწესრიგების მიზნით, აღნიშნული ფერმენტის ბლოკირება. კვლევაში არსებული დასკვნები და რეკომენდაციები, ყოველდღიურ პრაქტიკაში ექიმ-ენდოკრინოლოგს, ანდროლოგს დაეხმარება სიმსუქნით დაავადებული მამრობითი სქესის პაციენტების მკურნალობის სწორ წარმართვაში, რაც მკურნალობის მაქსიმალური შედეგის მიღწევის საფუძველი იქნება“.
კვლევის დიზაინი, კვლევაში არსებული შედეგები და მათ საფუძველზე მიღებული დასკვნები მეცნიერული სიახლეა ექიმებისთვის. კვლევა ჩატარდა ყველა ასაკობრივი ჯგუფის მამაკაცებში, რომელთაც აღენიშნებათ სიმსუქნე ან ჭარბი წონა. პაციენტები შეირჩნენ წინასწარ, სპეციალური კითხვარის საშუალებით, რომელიც იძლეოდა მამაკაცების სასქესო ჰორმონების დეფიციტის მახასიათებლებს. კვლევამ პრაქტიკოს ექიმებს თვალნათლივ დაანახა ქართული პოპულაციისათვის დამახასიათებელი მეტაბოლური დარღვევები მამაკაცებში და შემდგომში მათი გამოსწორების საშუალებები.
კვლევის თანახმად დაქვეითებული ტესტოსტერონის დონე ზრდიდა მეტაბოლური სინდრომის განვითარების რისკს, რაც ისეთი ვერაგი დაავადების განვითარების საფუძველი ხდება, როგორიცაა ათეროსკლეროზი, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, არტერიული ჰიპერტენზია და ა.შ.
„ჩვენს მიერ ჩატარებულ კვლევას აქვს რიგი მახასიათებლები. პირველ რიგში, კვლევაში მონაწილეობდნენ ის პირებიც, ვისაც გენეტიკურად მიდრეკილება ჰქონდათ წონის მატებისკენ. ამის გამო, მეტაბოლური სინდრომის სიჭარბე შესაძლოა ცოტათი გაზრდილიც არის, ვიდრე სხვა შემთხვევებში. რადგან კვლევაში მონაწილეობას იღებდა მხოლოდ ქართველი პოპულაცია, შესაძლოა შედეგები არ მიესადაგებოდეს სხვა ეთნიკურ წარმომადგენლებს, ვინაიდან ისინი განსხვავდებიან სოციო-ეკონომიკური, კვების სტილისა და ტრადიციების მიხედვით“. – აღნიშნავს ელენე გიორგაძე.
კვლევაში ასევე ჩართული იყვნენ „ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის ექიმი ენდოკრინოლოგები: ქეთევან ასათიანი - მედიცინის დოქტორი; მარინა ლომიძე – თსუ მედიცინის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი, ექიმი ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი; მარინა ცაგარელი – ექიმი ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი; ლაშა უჩავა – ექიმი ენდოკრინოლოგი, თსუ დოქტორანტი; თამარ ზერეკიძე – ექიმი ენდოკრინოლოგი, თსუ დოქტორანტი.
კვლევის შედეგები საქართველოს გარდა წარმოდგენილი იყო საერთაშორისო კონფერენციებზე: 1st International Diabetes and Obesity Forum, Athens, Greece; 2011 წელი; Royan International Twin Congress 13th Congress on Reproductive Biomedicine 8th Congress on Stem Cell Biology & Technology; Teheran; Iran 2011 წელი; რიგითი ზეპირი მოხსენების შემდგომ მეორე დღეს ნაშრომი წარდგენილ იქნა პლენარული ლექციის სახით, როგორც ამ დარგში ჩატარებული ერთ-ერთი ინოვაციური კვლევა.
2nd Central European Congress on Obesity, Budapest, Hungary; 2009 წელი; 11th and 18th European Congress of Endocrinology, Istanbul, Turkey; 2009 da 2011 წწ; 19th European Congress on Obesity, Lyon, France, 2012 წელი; European Congress of Andrology, Berlin, German, 2013 წელი; American Association of Clinical Endocrinologist annual meeting, Las-Vegas, America, 2014 წელი.