ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი
შავი ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობა თსუ მეცნიერთა შეფასებით
2011-2013 წლებში რუმინეთისა და საქართველოს ტერიტორიებზე, შავი ზღვის დაბინძურების პრობლემატიკის შესასწავლად, გერმანიის ფედერაციის, საბერძნეთისა და საქართველოს წამყვანი მეცნიერების თანამონაწილეობით განხორციელდა, ერთობლივი კვლევები. კვლევებში აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას თსუ მეცნიერები.
პროექტი „ზღვის სანაპიროების დაბინძურებისა და აითროფიკაციის პრევენციის მიზნით მიწისქვეშა წყლების ზღვისქვეშა განტვირთვის შესწავლა“, განხორციელდა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ევროგაერთიანების ერთობლივი გრანტის „BS-ERA NET„SGD Black Sea“ ფარგლებში. საქართველოს მხრიდან მასში მონაწილეობდნენ თსუ მიხეილ ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტის, ჰიდროგეოფიზიკისა და გეოთერმიის კვლევითი ცენტრის მეცნიერები. პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი (საქართველოს მხრიდან) იყო გეოლოგიურ-მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორი გიორგი მელიქაძე. პროექტში ასევე ჩართული იყვნენ ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლები: მარიამ თოდაძე, ზურაბ მაჩაიძე, ნინო კაპანაძე და ალექსანდრე ჭანკვეტაძე. გერმანიის მხრიდან პროექტში მონაწილეობდნენ ჰელმჰოლცის ეკოლოგიური კვლევების ცენტრის წარმომადგენლები ქალაქ ლაიფციგიდან (პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი დოქტორი მიხაილ შუბერტი); საბერძნეთიდან - საბერძნეთის ზღვების კვლევის ცენტრის მეცნიერები ქალაქ ანავისოსიდან (სამეცნიერო ხელმძღვანელი დოქ. ქრისტოს ცაბარისი).
კვლევებისთვის შეირჩა უბანი: შავი ზღვის აღმოსავლეთით – აჭარის რეგიონის მთისწინა სანაპირო ზოლი და შავი ზღვის დასავლეთით – რუმინეთის დაბლობი, კონსტანცას მიმდებარე ტერიტორია.
მეცნიერთა განმარტებით, იმ დამაბინძურებელ ნივთიერებებს, რომლებიც განიტვირთებიან (გაიჟონებიან) ზღვაში, სანა-პირო ზოლის გარემოს საერთო მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესება შეუძლიათ გამოიწვიონ. კერძოდ, სანაპირო ზოლი საითროფიკაცია (ტოქსინებით-ნიტრატებითა და ფოსფატებით დაბინძურება), ზღვის პროდუქტების, კორალური რი-ფების დაბინძურება და ზღვის წყლის მავნებელი „აყვავება“. ამიტომ, ერთობლივი კვლევის მიზანს წარმოადგენდა შავი ზღვის ორ საჩვენებელ უბანზე მიწისქვეშა წყლების ზღვაში (მწგ) განტვირთვის ზონების შესწავლა“მულტი-ტრასერების“ გამოყენებით.
„ეს იყო მცდელობა, სხვადასხვა წყლის „ტრასერების“ გაერთიანებით, მოგვეხდინა მწგ ზონის ლოკალიზაციისა და რაოდენობის განსაზღვრა, ასევე მიღებული შედეგები დაგვედასტურებინა თანამგზავრული მონაცემების ახალი მეთოდებით. ზოგადად, მიწისქვეშა წყლების განტვირთვის შესწავლაში გამოიყენება წყლის „ტრასერები“. „ტრასერები“ წარმოადგენენ ბუნებრივ ანანტროპოგენურ ნივთიერებებს, რომლებიც არსებობენ ბუნებაში და წარმოიშვებიან განსაზღვრული წყაროებიდან. განსხვავებით ხელოვნური „ტრასერებისაგან“, ეკოლოგიური ტრასერები, რომლებიც იქნა გამოყენებული, არ იწვევენ გარემოს ქიმიურ დაბინძურებას. გარდა ამისა, ბუნებრივი ეკოლოგიური „ტრასერები“, მათი ყველგან არსებობის გამო, ყველაზე მოსახერხებელია მსხვილი და ფართომასშტაბიანი კვლევებისთვის, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია მწგ შესწავლის საქმეში“. – განმარტავს კვლევის ხელმძღვანელი საქართველოს მხრიდან გიორგი მელიქაძე.
როგორც მეცნიერი აღნიშნავს, საკვლევად აჭარის სანაპირო ზოლის შერჩევა განპირობებული იყო რამდენიმე ფაქტო-რით. კერძოდ, ეს რეგიონი აჭარის ტერიტორიაზე ზედაპირული წყლების განტვირთვის ზონაა, სადაც თავს იყრის, როგორც ამ ტერიტორიის, ასევე მის ფარგლებს გარეთ განლაგებული მსხვილი სამრეწველო ობიექტებისა და ქალაქების საყოფაცხოვრებო, ტოქსიკური და სასოფლო-სამეურნეო ნარჩენებით დაბინძურებული წყლები.
რეგიონის ფარგლებში მდებარეობს საქართველოს მსხვილი სამრეწველო და საპორტო ქალაქი ბათუმი, ქალაქი ქობულეთი, მრავალი სოფელი და დასახლებული პუნქტი, რომლებიც თავისი საყოფაცხოვრებო, სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო ნარჩენებით აბინძურებენ შავ ზღვას. იგი წარმოადგენს ბაქო-სუფსის ნავთობსადენის განლაგების ბოლო მონაკვეთს, უშუალოდ ზღვის ნაპირზე აგებული დიდი ნავთობტერმინალით და მისი საზღვაო მოდულით. ამავე დროს, კვლევისთვის შერჩეული ტერიტორია კარგად განვითარებული სასოფლო-სამეურნეო რეგიონია, სადაც გავრცელებულია მეჩაიეობა, მესიმინდეობა, მეციტრუსეობა, რასაც მინერალური სასუქების და შხამ-ქიმიკატების ფართო გამოყენება უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ საკვლევი რეგიონი გახლავთ კოლხეთის დაცული ტერიტორიების სისტემის ნაწილი, რაც დაფიქსირებულია 1999 წლის სპეციალური კანონით. საქართველოს მასშტაბით, ბოლო 100-150 წლის განმავლობაში, აღნიშნულ რეგიონში განხორციელდა ადგილობრივი კულტურული მცენარეების ჩანაცვლების პროცესი შემოტანილი კულტურებით და, შედეგად, მკვეთრად შეიცვალა ნიადაგის დამუშავების სისტემა (ჩაი, სიმინდი, ლობიო, სოიო, ციტრუსები).
ეს ტერიტორია ერთდროულად წარმოადგენს ნიადაგის ძლიერ გამომფიტავი კულტურების გავრცელების არეს, რაც სასუქების დამატებით შეტანას საჭიროებს და სოფლის მეურნეობის იმ ძირითადი ტრადიციული კულტურების შესწავლა-რეაბილიტაციის არეს, რომელთაც სასუქი ან საერთოდ არ სჭირდება, ან სჭირდება მცირე რაოდენობით“. – აცხადებს გიორგი მელიქაძე.
პროექტის განხორციელებისას, მიწისქვეშა წყლების ზღვაში განტვირთვის უბნების დასადგენად, შეირჩა და დაინერგა ეკოლოგიური „ტრასერების“ გამოყენების ახალი მეთოდოლოგია. პირველად გამოიყენეს თანამგზავრული მონაცემები ზღვის სანაპირო ზოლის ტემპერატურის გრძელვადიანი და მსხვილმასშტაბიანი შეფასებისთვის და სხვადასხვა რაიონში ძლიერი ანთროპოგენული ზემოქმედების დასაზუსტებლად. დადგინდა მიწისქვეშა წყლის ნაკადის მოძრაობის და ზღვაში განტვირთვის უბანი აჭარის სანაპირო ზოლში, განისაზღვრა მისი არეალი და დაბინძურების ზედაპირული ხასიათი. კვლევის მონაწილეთა მტკიცებით, ამ სახის საზღვაო და სახმელეთო კვლევათა კომპლექსი ეკოლოგიური „ტრასერების“ გამოყენებით, პირველად განხორციელდა საქართველოში.
კვლევის შედეგად, გამოვლენილი უბნის ფარგლებში, განისაზღვრა აითროფიკაციის ინტენსივობა-ნიტრატების და ფოსფატების მნიშვნელობები დღევანდელი მდგომარეობით. მიწისქვეშა წყლებში და ზღვაში, ასევე, შეისწავლეს მათი გავრცელება ფართობზე და ზღვაში ჩარეცხვის ინტენსივობა. გაკეთდა პროგნოზი მათი ცვლილებების შესაძლებლობის შესახებ და გაეწია რეკომენდაცია შემდგომში ამ უბნებზე საკონტროლო გაზომვების საწარმოებლად. პირველად საქართველოში, წარმატებით გამოიყენეს საზღვაო და სახმელეთო კვლევათა კომპლექსი, ისეთი ეკლოგიური „ტრასერების“ გამოყენებით, როგორებიცაა ჟანგბადის 18O და წყალბადის 2H სტაბილური იზოტოპები, რადონი-Rn და რადიუმი-Ra და სხვა პარამეტრები.
კვლევის შედეგების პრეზენტაცია განხორციელდა 2012 წლის სექტემბერში ქ. კონსტანცაში (რუმინეთში), 2013 წლის მარტში ქ. ათენში (საბერძნეთში) და 2013 წლის ნოემბერში ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიხ. ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინსტიტუტში. მიღწეული შედეგები აისახა სამეცნიერო სტატიაში: George Melikadze, Michael Schubert, Christos Tsabaris, Nino Kapanadze, Mariam Todadze, ZurabMachaidze, Alexander Chankvetadze, „USING ENVIRONMENT TRACERS FOR INVESTIGATION OF SUBMARIN GROUNDWATER DISCHARGE“, Journal of Georgian Geophysical Society, Issue A. Physics of Solid Earth, vol. 116A 2013.